ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა –
„ძალიან დავიღალე, რადგან აქ შვიდი მატჩი ჩავატარე. თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მთელი გულით ვთამაშობდი. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩოგბურთელი ასეთი განწყობით გადიოდა კორტზე, მაგრამ ეს დაუჯერებელი მომენტია ჩემთვის.
ჩემი კერპები არიან ის მოთამაშეები, რომლებიც რეიტინგის ტოპ-ათეულში შედიან. ამ ჩოგბურთელებს ნამდვილ მებრძოლებს ვუწოდებ. ვინც არ უნდა მოხვდეს TOP 10-ში, ისინი ჩემი კერპები ხდებიან. ვცდილობ ისეთივე ვიყო, როგორც ისინი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭებს.
ძალიან დიდი მონდომება, ძალისხმევა და კონცენტრაციაა საჭირო, ტოპ-ათეულში რომ მოხვდე. თუ კერპების ჩამოთვლას მთხოვთ, ესენი არიან – ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი, მარეი და ბევრი სხვა, რომლებიც დღეს აღარ თამაშობენ. მაგრამ ეს ოთხეული, მართლაც გამორჩეულია“ – მოჰყავს ბასილაშვილის სიტყვები პროფესიული ტურის ოფიციალურ გვერდს.
გასულ კვირას, ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგის ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, ხუთი მატჩი მოიგო და კარიერაში პირველად გაიმარჯვა ATP-ის ტურნირზე. ამ ტრიუმფის შემდეგ, ბასილაშვილმა რეიტინგში 46 საფეხური მოიგო და მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდა. ეს რეკორდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მანამდე, ATP-ის კლასიფიკაციაში რეკორდსმენი ქართველი ირაკლი ლაბაძე იყო, რომელმაც 42-ე საფეხურს მიაღწია.
ბასილაშვილის ტრიუმფს გამოეხმაურა ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი, უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი და ჰამბურგის ტურნირის დირექტორი მიხაელ შტიხი – „ვფიქრობ, მან ბრწყინვალე და დაუჯერებელი ტურნირის ჩაატარა. აჩვენა საბრძოლო ჟინი და გამარჯვებისკენ სწრაფვა. თითოეულ მატჩში ის შთამბეჭდავ ჩოგბურთს თამაშობდა.“