ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს 2019 წლის სეზონში თავის მესამე ტურნირში ჩაებმება – მსოფლიოს 22-ე ჩოგანი პირველი წრის შეხვედრას ჩაატარებს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ტურნირზე.
ბასილაშვილის მეტოქე იქნება გერმანელი დანიელ ბრანდსი, რომელიც მსოფლიოს 174-ე ნომერია. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ბასილაშვილი და ბრანდსი ამ დრომდე ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2014 წელს იტალიაში, „ჩელენჯერის“ ტურნირზე ქართველმა 6:3, 6:3 მოიგო.
ბასილაშვილმა წელს ორი ტურნირი ითამაშა – დოჰაში და ავსტრალიის ღია პირველობაზე ორ-ორი წრე გაიარა და შემდეგ დამარცხდა, შესაბამისად, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან და ბერძენ სტეფანოს ციციპასთან.
ბრანდსი ამ სეზონში პირველად თამაშობს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) დონეზე. სოფიაში მან კვალიფიკაცია გაიარა და ისე მოხვდა ძირითად ბადეში. კვალიფიკაციაში მან კამილ მაიჩრჟაკი და სერგეი სტახოვსკი დაამარცხა.
სოფიაში თავი საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა. ბასილაშვილი მეხუთე ნომრად იქნება განთესილი. მასზე მაღალი განთესვის ნომრები ექნებათ: რუს კარენ ხაჩანოვს (მე-11 ნომერი კლასიფიკაციაში), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (12), რუს დანიილ მედვედევს (15) და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (18). ასევე რვა განთესილს შორის მოხვდებიან: ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (26), ფრანგი გაელ მონფილსი (33) და შვეიცარიელი სტენ ვავრინკა (57).
სოფიაში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის დონის ტურნირის მეოთხედ ტარდება. წინა ჩემპიონები იყვნენ: რობერტო ბაუტისტა აგუტი (2016), ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი (2017) და ბოსნიელი მირზა ბაშიჩი (2018).
ბასილაშვილს შარშან სოფიაში არ უთამაშია, 2017 წელს კი იქ სერიოზულ წარმატებას მიაღწია – ერთ-ერთ ეტაპზე ავსტრიელ დომინიკ ტიმს მოუგო, ნახევარფინალმდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთან, დიმიტროვთან წააგო.