ნიკოლოზ ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირის პირველ წრეში გამოეთიშა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში დაასრულა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში ATP250 კატეგორიის ტურნირი. მან პირველ წრეში ორ სეტში წააგო იტალიელ ლორენცო სონეგოსთან – 3:6, 4:6. შეხვედრა საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.
პირველ სეტში სონეგომ ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, რომელიც მერვე გეიმში შეასრულა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ უკუბრეიკი ვერ შეასრულა და პარტია 3:6 დათმო.
მეორე სეტში სონეგომ თავის მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და მეტოქე ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა, თავად კი ერთადერთი ბრეიკპოინტი პირველ გეიმში გამოიმუშავა და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტისა და მატჩის მოსაგებად.
სონეგომ 12 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 84 პროცენტი აიღო, მეორეთი – 63 პროცენტი. ბასილაშვილმა პირველ მოწოდებაზე ცუდად ითამაშა და ქულების მხოლოდ 50 პროცენტი მოიგო.
სონეგოსთან ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი 1:2-ს აგებს.