პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მცირე ვარდნა ჰქონდა ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს.
გასულ კვირას, ჩოგბურთელი სტამბოლის ტურნირზე წარუმატებლად გამოვიდა – პირველივე წრე ფრანგ ჟერემი შარდისთან – 5:7, 3:6 წააგო. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა მადრიდში გადაინაცვლა და იქაური “მასტერსის” საკვალიფიკაციო ტურნირზე ორი მატჩი მოიგო – დაამარცხა ამერიკელი ფრატანჯელო და ბოსნიელი მაშიჩი, რითაც ძირითად ბადეში მოხვდა.
ამ მატჩების შემდეგ, ბასილაშვილი კლასიფიკაციაში ორი საფეხურით ქვემოთ ჩამოვიდა და 77-ე ადგილზეა 732 ქულით.
ჩოგბურთელი დღეს გამართავს პირველი წრის მატჩს მადრიდის “მასტერსზე” – თბილისის დროით 23:30 საათზე ფრანგ გაელ მონფილსს შეხვდება. ამ ჩოგბურთელებს პროფესიულ ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უთამაშიათ.