ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა
ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP250-ის ტურნირის მეოთხედფინალი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თანაბარი ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს და სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:4. მატჩი ზუსტად ორი საათი გაგრძელდა.
ორივე ჩოგბურთელმა წინა დღეს ითამაშა მერვედფინალში. ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი საათი დახარჯა რუსი ანდრეი რუბლიოვის დასამარცხებლად (6:3, 6:4), ჯოკოვიჩმა კი ორი სეტი ძალიან იწვალა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩის წინააღმდეგ, მაგრამ შეძლო სეტებში 0:1-დან მოგება – 4:6, 6:4, 6:1.
ქართველი და სერბი მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში. პირველი მატჩი შარშან, მადრიდის „მასტერსზე“ გაიმართა და ჯოკოვიჩმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:2.
ბასილაშვილს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი გეიმიც აიღო და 2:0 დაწინაურდა. ნიკას ზედიზედ მესამე გეიმის მოგებაც შეეძლო, მაგრამ რიგით მეორე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეხუთე გეიმში მაინც შედგა მეორე ბრეიკი და ჯოკოვიჩისთვის ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 1:4.
მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ნოვაკმა გონს მოსვლა და მეექვსე გეიმში პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა. მან მეორე ცდაზე შეძლო პირველი საპასუხო ბრეიკის შესრულება, რასაც თავისი გეიმის აღებაც მიაყოლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 3:4.
ამ რთულ მომენტში, ბასილაშვილა კარგი ფსიქოლოგიური მომზადება გამოავლინა. მერვე გეიმში 40:15-ს იგებდა, ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ნიკას საფრთხე მოიგერია და უმნიშნელოვანესი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა – 5:3.
მეცხრე გეიმში ბასილაშვილს თითქმის არ უბრძოლია და მთელი ყურადღება მეათე გეიმზე გადაიტანა, რომელშიც სეტზე უნდა ჩაეწოდებინა. და აქაც, ქართველი ნერვიულობას გაუმკლავდა, სამმაგი სეტბოლი მიიღო და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა – 6:4. სეტი 44 წუთი გრძელდებოდა.
პირველი პარტიის წაგებით გაწბილებულმა ჯოკოვიჩმა მეორე სეტი კარგად დაიწყო – „მშრალი“ ანგარიშით აიღო საკუთარი გეიმი და შემდეგ ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილი მალე გამოფხიზლდა და უკვე მესამე გეიმში შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მატჩში რიგით მეოთხე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რითაც ნოვაკმა სამ გეიმამდე გაზარდა თავისი უპირატესობა – 3:0.
ამის შემდეგ, მეტოქეები კარგა ხანი ბრეიკის შანსს არ აძლევდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩი დიდად თავს აღარ იკლავდა ქართველის გეიმებზე და ძირითადად, საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, რაც გამოუვიდა, თუმცა, 5:3-ზე, როცა სეტზე აწვდიდა, ნოვაკმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მაინც მისცა ბასილაშვილს, მაგრამ ქართველმა შანსი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ბასილაშვილმა უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი მიიღო მეორე სეტში, მაგრამ დამარცხდა. სერბმა 34 წუთში 6:3 მოიგო. სეტებში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი მესამე სეტს უნდა გადაეწყვიტა.
მესამე პარტია ჩოგბურთელებმა ბრეიკების გაცვლით დაიწყეს – ჯერ ჯოკოვიჩმა ითამაშა კარგად მიღებაზე, შემდეგ კი ბასილაშვილი უფრო შორს წავიდა და მეტოქის გეიმი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. სეტისა და მატჩის კულმინაცია მეხუთე გეიმი გახდა. ბასილაშვილმა 0:30-დან გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მაინც ვერ გადარჩა და ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა – 2:3. ეს მატჩში გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, სერბმა საკუთარ გეიმებში თამაში დამაჯერებლად გააკონტროლა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.