მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის „მასტერსის“ მერვედფინალში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საათსა და 41 წუთში სამ სეტში მოუგო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს – 2:6, 6:2, 6:3.
ისევე როგორც პირველი წრის მატჩში, ბასილაშვილი გვიან შევიდა თამაშში და პირველი სეტი პირწმინდად დათმო – მისმა მეტოქემ ორი ბრეიკით მოიგო, ნიკას კი საწყის სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
მეორე სეტიდან ბასილაშვილმა სრულ უპირატესობას მიაღწია. ქართველი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და შანსს არ აძლევდა გერმანელს. მეორე სეტის მეორე ნახევარში ნიკამ ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მესამეში კი, ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. მთელი ამ დროის განმავლობაში, ბასილაშვილს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია მეტოქისთვის. მხოლოდ ბოლო გეიმში, როცა ქართველი მატჩზე აწვდიდა, შტრუფმა ორი ასეთი შანსი მიიღო, მაგრამ ნიკამ საფრთხე მოიგერია და მეოთხე მატჩბოლზე შეძლო მოგება.
ბასილაშვილი ტურნირის პირველი მერვედფინალისტი გახდა. მისი მეტოქე ამ ეტაპზე გერმანელი ალექსანდრ ზვერევისა და ბრიტანელი კემერონ ნორის შეხვედრაში გაირკვევა.