ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ილაპარაკა იმ სირთულეებზე, რომლებსაც კარიერის დასაწყისში წააწყდა. მსოფლიოს მე-19 ჩოგანის სიტყვები ATP-ის პრესსამსახურს მოჰყავს –
„ველური ვიყავი. ჩოგბურთისადმი მიდგომის მხრივ, ჩემზე პროფესიონალი არ ითქმოდა. ვიცოდი, რომ მინდოდა კარგად თამაში, მაგრამ არ მქონდა უნარი, უმაღლეს დონეზე გამოვსულიყავი. უბრალოდ, გეგმა არ გამაჩნდა. დიდი ხანი, დაახლოებით ორი-სამი წელი, ასეულთან ახლოს ვიყავი და მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც მივენდობოდი.
იყო შემთხვევები, როცა მე და მამას რამდენიმე კვირა მანქანაში გვეძინა, მთელი თვეც გაგრძელებულა ასე. იმ დროს ჯერ კიდევ იუნიორთა ტურში გამოვდიოდი. დიდი ხანი მამასთან ერთად კარავში მეძინა და თან ტურნირებზე გამოვდიოდი. თავისებურად, საინტერესო იყო. ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი და სპონსორიც ვერ ვიპოვე. ამიტომაც მივიღე რუსეთის მოქალაქეობა.
21 წლის ვიყავი, როცა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყე ჩოგბურთის თამაში, რადგან მორალურად განადგურებული ვიყავი. ეს ყველაფერი გაძლევს იმის გააზრების საშუალებას, რომ ცუდ დროებას ფუჭად არ ჩაუვლია. ამან უფრო მეტად გამაძლიერა და უმაღლეს დონეზე ჩოგბურთის თამაშის საშუალება მომცა“.