ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT

მიუნხენის ტურნირზე ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის „მასტერსზე“ პირველი მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა საათსა და 14 წუთში ორ სეტში წააგო – 4:6, 5:7.

შეხვედრა პერმა ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო, თუმცა, ბასილაშვილმა იგივეთი უპასუხა მეტოქეს და ანგარიში გაათანაბრა. 3:3-ის შემდეგ, ფრანგი უფრო იოლად იღებდა თავის მოწოდებას, ბასილაშვილის გეიმებში კი მეტი ბრძოლა იყო და პერმა მეათე გეიმში სეტში მეორე ბრეიკი შეასრულა, რამაც პირველი პარტია მოაგებინა.

მეორე სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილმა ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და მეექვსე ცდაზე შეძლო ბრეიკის შესრულება, მაგრამ შემდეგ გეიმში პერმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და უკუბრეიკი შეასრულა. მომდევნო ბრეიკ-პოინტი მერვე გეიმში ისევ ფრანგმა მოიპოვა და ისევ პირველ ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება, რითაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, თუმცა ეს ვერ მოახერხა – ბასილაშვილმა უკუბრეიკი შეასრულა და ბრძოლა გაგრძელდა.

ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკს უახლოვდებოდნენ, როცა მე-12 გეიმში ბასილაშვილის მოწოდებაზე პერმა სამი მატჩბოლი მოიპოვა და მესამე ჯერზე შეძლო მოგება.