ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაიწყო ბოლო რეპეტიცია მოახლოებული როლან გაროსის წინ. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ლიონის ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, პირველი ბარიერი გაიარა. მან ნაკლებად ცნობილ ფრანგს, მსოფლიოს 270-ე ჩოგანს ტრისტან ლამასენს მოუგო ორ სეტში – 7:5, 7:5. შეხვედრა საათი და 37 წუთი გაგრძელდა.
ბასილაშვილს პირველ სეტში ერთი ჩავარდნა ჰქონდა – მეშვიდე გეიმში მეტოქეს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მისცა და ფრანგმა ეს შანსი გამოიყენა. თუმცა, ქართველს მანამდე ერთი ბრეიკი ჰქონდა შესრულებული, მეორე კი მე-12 გეიმში აიღო და ამან სეტი მოაგებინა.
თითქოს მეორე სეტი ბასილაშვილისთვის უფრო იოლად მიდიოდა. უკვე მეორე გეიმში მან ბრეიკით დაწინაურება მოახერხა და ამ უპირატესობას თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა, თუმცა, ფრანგმა მეტოქეს მატჩზე არ ჩააწოდებინა. საბოლოოდ, აქაც პირველი სეტის სცენარი განვითარდა და ბასილაშვილმა მე-12 გეიმში შესრულებული ბრეიკით დაასრულა მატჩი.
ბასილაშვილი მეოთხედფინალში გავიდა და იქ ცნობილ ფრანგს ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.