მაისის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველად ითამაშა და ჰამბურგის ჩელენჯერის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იაკობ შნაიტერთან 3:6, 4:6 დამარცხდა.
ბასილაშვილის მეტოქე რეიტინგში 717-ე ადგილს იკავებს. პირველ სეტში გერმანელმა ერთადერთი ბრეიქის შესრულება მოახერხა, ხოლო თავის ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო. ნიკოლოზს ამ სეტის მანძილზე ორი ბრეიქ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. მეორე სეტი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო, 2:0 დაწინაურდა, თუმცა სეტის შუაში ზედიზედ ორჯერ დაკარგა თავისი ჩაწოდება და მატჩიც დათმო.
ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს შეხვედრა პირველი იყო 22 მაისის შემდეგ. მაშინ ის როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯულიო ზეპიერისთან ორ სეტში დამარცხდა, ხოლო ზაფხულში ხელზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც კორტზე გასვლას ვეღარ ახერხებდა.
კარიერის მანძილზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მსოფლიო რეიტინგში კი მისი საუკეთესო ადგილი მე-16 იყო. ამჟამად კლასიფიკაციაში ის 395-ე პოზიციაზეა.