ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მალე საჩოგბურთო კორტსაც დაუბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ჩოგბურთელმა იდაყვზე ორი ოპერაცია გაიკეთა. მას ივლისში ჰამბურგის ტურნირზე უნდა ეთამაშა, თუმცა კვლავ ტკივილმა შეაწუხა და მესამედაც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
როგორც ჩანს, ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და ტურნირებზე გამოსვლას ერთი თვის შემდეგ დაიწყებს.
„იდაყვის ტრავმა მოვიშუშე. ამჟამად თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ტურნირებზე თამაშს ერთი თვის შემდეგ დავიწყებ. ჩოგბურთის გარეშე ყოფნამ საშუალება მომცა, კარგ ფიზიკურ ფორმაში შევსულიყავი“, – დაწერა ჩოგბურთელმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკანასკნელი შეხვედრა მიმდინარე წლის 22 მაისს გამართა, ხოლო მისი ბოლო გამარჯვება 18 თებერვლით თარიღდება.
კარიერის მანძილზე ქართველს ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, კლასიფიკაციაში კი მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 ადგილია.