ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება

19:13, 15.05.2018

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ რომის „მასტერსზე“ პირველი ბარიერი დაძლია და მეორე წრეში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

პირველ რაუნდში ქართველის მეტოქე მსოფლიოს 370-ე ჩოგანი, იტალიელი ფილიპო ბალდი იყო. გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო და სამივეში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა – 6:4.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მასპინძელს, თავად კი ორიდან ერთი გამოიყენა.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელებს ერთმანეთის მოწოდების აღების უფრო მეტი შანსი მიეცათ – ბასილაშვილს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ბალდის – ოთხი. იტალიელმა უკეთესი რეალიზაცია აჩვენა, ორი ბრეიკი შეასრულა ქართველის ერთი ბრეიკის წინააღმდეგ და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი პირველის ანალოგიური იყო – ბალდი ბრეიკ-პოინტამდე ვერ მივიდა, ბასილაშვილმა კი ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:4, 4:6, 6:4 მოიგო.

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის შეხვედრა დღეს გაიმართება. სერბი და ქართველი პროფესიულ ტურში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

მსგავსი