ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მერვედფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა ინდიან უელსის „მასტერსის“ მერვედფინალში. ქართვლმა ჩოგბურთელმა მესამე წრეში ორსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში დაამარცხა ესპანელი ალბერტ რამოსი – 4:6, 7:6(2), 6:2.
შეხვედრა ძალიან დრამატული გამოვიდა. მატჩი რამოსმა უკეთ დაიწყო – პირველი სეტის შუაში ორმაგი ბრეიკით დაწინაურება შეძლო. ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და პირველი პარტია დათმო.
მეორე სეტი ძალიან დრამატული აღმოჩნდა. რამოსმა მესამე გეიმში ოთხი ბრეიპოინტი გაანიავა. მეექვსე გეიმში ბასილაშვილმა შეძლო ბრეიკით დაწინაურება, მაგრამ მეცხრე გეიმში რამოსმა ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, მე-11 გეიმში ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ქართველმა მეტოქეს ამის გაკეთების საშუალება არ მისცა, ბრეიკი შეასრულა და სეტი ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა.
ფსიქოლოგიური უპირატესობა ბასილაშვილის მხარეს გადავიდა – მან მაღალ დონეზე წარმართა ტაი-ბრეიკი და მხოლოდ ორი ქულა დაუთმო მეტოქეს, შემდეგ კი მესამე სეტშიც ფლობდა უპირატესობას, რომელშიც რამოსი ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა, თავად კი ორი ბრეიკი შეასრულა.
ბასილაშვილს ბრეიკპოინტების რეალიზაციის შესანიშნავი პროცენტი ჰქონდა – ექვსიდან ხუთი. რამოსმა 10-დან ოთხი ასეთი შანსი გამოიყენა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ქართველს მიჰყავს ანგარიში – 3:2. მათი ბოლო შეხვედრა 2019 წელს დუბაიში სწორედ ბასილაშვილმა მოიგო – 6:4, 6:1.