ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. მან ინდიან უელსში მიმდინარე „მასტერსზე“ მესამე ბარიერი გაიარა – მერვედფინალში საათსა და 57 წუთში აჯობა რუს კარენ ხაჩანოვს – 6:4, 7:6(6).

ბასილაშვილი პირველ სეტში თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მეოთხე გეიმში მისცა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება. ქართველი სტაბილურად იღებდა ბრეიკპოინტებს მეტოქის მოწოდებაზე და მეშვიდე გეიმში ისევ შეასრულა ბრეიკი და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილმს შეასრულა – ეს მეხუთე გეიმში მოხდა, ამასთან, ნიკა საკუთარ გეიმებში შანსს არ აძლევდა ხაჩანოვს და თითქოს იოლი გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ჩააგდო მეათე გეიმი, რუსს უკუბრეიკი გააკეთებინა და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, რომელშიც 6:2 დაწინაურდა და ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო. ხაჩანოვმა ოთხივე მატჩბოლი მოიგერია და ანგარიში გააანაბრა, თუმცა, ბასილაშვილმა 6:6-ზე ზედიზედ ორი ქულის აღება შეძლო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ჩოგბურთელებს ოთხ-ოთხი ეისი, ორ-ორი ორმაგი შეცდომა და ექვს-ექვსი ბრეიკპოინტი ჰქონდათ. ბასილაშვილმა სამი ბრეიკი შეასრულა, ხაჩანოვმა – ორი.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინორსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის მოგებულს შეხვდება.