ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეორე წრეშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეორე წრეშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ე.წ. „ლაქი ლუზერის“ სტატუსით ჩაება გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირში.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ვერ გადალახა კვალიფიკაცია და ვერ მოხვდა ძირითად ბადეში, მაგრამ ბოლო მომენტში, გერმანელმა პეტერ გოიოვჩიკმა ტრავმა მიიღო და ქართველი ჩოგბურთელი მის ნაცვლად თამაშობს ბალახის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში.

ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში 17 წლის გერმანელი რუდოლფ მოლეკერი იყო, რომელიც 286-ე ნომერია მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

პირველ სეტში ქართველმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს – არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა და თავად, ერთი ბრეიკი შეასრულა. მეორე სეტში უფრო დიდი ბრძოლა იყო – მოლეკერმა შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, რითაც ანგარიში გაათანაბრა, რადგან მანამდე ბასილაშვილს ჰქონდა მოგებული ბრეიკი. სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ასევე თანაბარი იყო და ბასილაშვილმა 5:5-ზე შეძლო გადამწყვეტი ორი ქულის აღება და მოგება – 6:4, 7:6(5). თამაში საათი და 33 წუთი გრძელდებოდა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელმაც პირველ მატჩში სენსაციურად გაანადგურა ტურნირის მეორე ნომერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი – 6:1, 6:4.