საქართველოს პირველი ჩოგანი, 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხთვიანი წარუმატებელი სერიის შეწყვეტისთვის ყატარის დედაქალაქ დოჰაში იბრძოლებს. ნიკოლოზი ტურნირზე 16 თებერვალს, პირდაპირ მეორე წრიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი იტალიელ მუსეტისა და შვედ იმერს შორის გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას შეეცდება. ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი – კანადელი დენის შაპოვალოვია.
დოჰაში ბასილაშვილი წყვილთა ტურნირშიც ითამაშებს, სადაც მისი პარტნიორი ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა იქნება. ქართველი და ესპანელი სპორტსმენები მერვედფინალში სამხრეთკორეელ სომვუ კვონსა და იტალიელ მუსეტის წყვილს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ თამაში არ მოუგია – მან ზედიზედ 8 მატჩი წააგო. გულშემატკივრისთვის საინტერესოა, როგორ ფორმაში ხვდება იგი დოჰას ტურნირს.