ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს. მან ნახევარფინალურ მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 7:6(3), 6:1. მატჩი საათი და 16 წუთი გაგრძელდა.
პირველი ბრეიკი მეორე გეიმში ფრიტცმა შეასრულა, მაგრამ ბასილაშვილმა შორს არ გაუშვა მეტოქე და მომდევნო გეიმში უკუბრეიკით უპასუხა ამერიკელს. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ გეიმებს – ერთხელ დაფიქსირდა „თანაბარი“ ფრიტცის გეიმში.
ამიტომაც, საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება, სადაც ბასილაშვილს სრული უპირატესობა ჰქონდა – საკუთარ მოწოდებაზე ქულა არ დათმო, ორი მინი-ბრეიკი შეასრულა და მე-13 გეიმი 7:3 მოიგო.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა, ფრიტცმა – ერთიდან ერთი. ქართველმა პირველ მოწოდებაზე ქულების 78 პროცენტი (14/18) მოიგო, მეორეთი – 47 პროცენტი.
მეორე პარტიაში ბასილაშვილმა კიდევ უფრო გააუმჯობესა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და ფრიტცმა მეტოქის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა აიღო. ქართველს მიღებაზეც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა – ორი ბრეიკი შეასრულა მეორე და მეექვსე გეიმებში და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება. ქართველისთვის ეს არის მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი მან წააგო, რის შემდეგაც, ნიკას ფინალებში ზედიზედ სამი მოგება აქვს – მან ტიტულები აიღო ჰამბურგში (ორჯერ) და პეკინში.
ნიკას მეტოქემ ნახევარფინალში 6:3, 6:3 მოუგო რუს ანდრეი რუბლიოვს.
ბაუტისტა აგუტთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი 1:3-ს აგებს. ნიკამ ესპანელი 2019 წელს, დუბაიში ჰარდზე დაამარცხა (6:7, 6:4, 6:3). ბაუტისტა აგუტმა კი ბასილაშვილს მოუგო ორჯერ გრუნტზე (ჰამბურგი და მონტე კარლო) და ერთხელ ბალახზე (უიმბლდონი).