ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის პირველ წრეს ითამაშებს | უიმბლდონი 2019
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამშაბათიდან ერთვება უიმბლდონის გათამაშებაში. მისი შეხვედრა ბრიტანელ ჯეიმს უორდთან თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორებმა ჩოგბურთელებს მე-17 კორტი გამოუყვეს.
ბასილაშვილი და უორდი აქამდე არასოდეს შეხვედრიან პროფესიულ ტურში. ბრიტანელს ATP-ის დონეზე ტურნირი არ აქვს მოგებული. რეიტინგში საუკეთესო პოზიცია 2015 წელს ჰქონდა – 89-ე ადგილი. ამჟამად, კლასიფიკაციის 205-ე ნომერია.
პროფესიულ ტურში უორდს 25 მოგება და 59 წაგება აქვს. „დიდი სლემის“ ტურნირებზე საუკეთესო შედეგი 2015 წელს ჰქონდა, როცა უიმბლდონის მესამე წრეში (მეთექვსმეტედფინალი) გავიდა. უორდის ყველაზე დიდი გამარჯვება კარიერაში 2015 წელს დევისის თასის მოგებაა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე მე-18 ნომრად არის განთესილი. ქართველი ტურნირს ოთხმატჩიანი წაგებათა სერიით ხვდება – ნიკამ ბოლო მატჩი მაისში, ლიონის ტურნირის მეოთხედფინალში მოიგო, როცა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას გაუსწორდა.
ბასილაშვილსა და უორდს შორის გამარჯვებული მეორე წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსსა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შორის მოგებულს შეხვდება.