ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში, ჩინეთის პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს.
მსოფლიოს 34-ე ჩოგანმა მარტივად გაიარა 34 წლის ტუნისელის, მალიკ ჟაზირის ბარიერი – 6:2, 6:2. ჟაზირიმ წინა დღეს ტურნირის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა, როცა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი გამოთიშა ბრძოლას. თუმცა, აფრიკელმა ამ მოგებას დიდი ენერგია შეალია და მეოთხედფინალისთვის მზად არ აღმოჩნდა.
პირველ სეტში ტუნისელმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბასილაშვილს. ქართველმა თავის გეიმებში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, მეტოქის მოწოდებაზე კი ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორი გამოიყენა.
მეორე სეტი 16-გათამაშებიანი მარათონული გეიმით დაიწყო, რომელშიც ბასილაშვილმა მატჩში მესამე ბრეიკი შეასრულა. ამან საბოლოოდ გატეხა ტუნისელის უპირატესობა. ნიკა ზედიზედ იღებდა გეიმებს და მალე ანგარიში 4:0 გახდა, საბოლოოდ კი საათსა და რვა წუთში დაამთავრა თამაში.
ბასილაშვილი ამ სეზონში მეორედ გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში. პირველად ეს ჰამბურგში მოხდა, სადაც ქართველმა საბოლოოდ, კარიერაში პირველი ტიტული აიღო.
ნახევარფინალში ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია. მან მეოთხედფინალში ორ სეტში სერბ დუშან ლაიოვიჩს მოუგო.
ბასილაშვილი და ედმუნდი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ბრიტანელმა მოიგო: 2016 წელს, ავსტრალიის ღიას პირველ წრეში – 7:6(4), 6:7(7), 7:5, 6:1 და 2018 წელს, ავსტრალიის ღიას მესამე წრეში – 7:6(0), 3:6, 4:6, 6:0, 7:5.
მეორე ნახევარფინალში ტურნირის პირველი ნომერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და იტალიელი ფაბიო ფონინი ითამაშებენ.