ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო გამოსვლა ბუდაპეშტის ATP250-ის კატეგორიის ტურნირზე. ის პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაება. ბასილაშვილს პირველ მეტოქედ გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი ჰყავდა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:2-ს აგებდა.
პირველ პარტიაში ბასილაშვილი ფლობდა უპირატესობას. პირველი ბრეიკი მან პირველივე გეიმში შეასრულა და მართალია, მეოთხე გეიმში გოიოვჩიკმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ იქვე ქართველი ჩოგბურთელი ისევ ბრეიკით გავიდა წინ, სეტის ბოლოს კი გაამყარა თავისი უპირატესობა.
მეორე სეტში ბრძოლა არ ყოფილა. ბასილაშვილს პრაქტიკულად წინააღმდეგობა არ გაუწევია მეტოქისთვის და მშრალი ანგარიშით დათმო პარტია. საინტერესოა, რომ ნიკამ საკუთარ გეიმებში მხოლოდ ექვსი ქულა აიღო.
მესამე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო. პირველ ექვს გეიმში ბრეიკ-პოინტები არ ყოფილა. მეშვიდე გეიმში გოიოვჩიკმა ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მერვე გეიმში ბასილაშვილმა სამი ასეთი შანსი მიიღო და მესამე ცდაზე შეძლო უმნიშვნელოვანესი ბრეიკის შესრულება, რითაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ქართველმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და საათსა და 21 წუთში 6:3, 0:6, 6:3 მოიგო.
ბასილაშვილმა მეოთხედფინალში გააღწია და გაიმეორა შარშანდელი შედეგი. ამ ეტაპზე მისი მეტოქე სერბ ლასლო ჯერესა და იტალიელ იანიკ სინერს შორის მოგებული იქნება.