ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე. მან სამ სეტში დათმო შეხვედრა ამერიკელ ტომი პოლთან.

მატჩი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. თუმცა, მომდევნო გეიმში პოლმა უკუბრეიკი შეასრულა. ეს სიტუაცია სეტის შუაში განმეორდა – ქართველი ისევ ბრეიკით დაწინაურდა და ამერიკელმა მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება – 4:4. ამის შემდეგ, პოლმა ჯერ თავისი გეიმი აიღო, შემდეგ მესამე ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის დასაწყისიც ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც პირველის – ისევ ბასილაშვილის ბრეიკი პირველ გეიმში და პოლის უკუბრეიკი მეორეში. მეხუთე გეიმში ბასილაშვილს დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილს შანსი არ ჰქონია – მე-13 გეიმში ქართველმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღო.

მესამე სეტში ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც პოლმა მესამე გეიმში აიღო. ბასილაშვილს ერთხელ ჰქონდა უკუბრეიკის შანსი, მაგრამ მერვე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, ორ საათსა და 14 წუთში პოლმა 6:4, 7:6(0), 6:4 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

ბასილაშვილი რჩება ავსტრალიის ღიაზე და წყვილებში ითამაშებს. მისი პარტნიორია გერმანელი ანდრე ბეგემანი. ქართულ-გერმანულ წყვილს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა – პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას შეხვდება. მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.