18-თვიანი შესვენების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის (პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო ტური) ეგიდით პირველი მატჩი ჩაატარა და მოიგო.
ანტვერპენის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილმა გერმანელი ტიმ პუეცი ორ სეტში, 6:2, 6:2 დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ნიკოლოზი ფრანგ ჰერბერტსა და ბელგიელ ბაილის შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ანტვერპენის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.