ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე წრიდან გამოეთიშა ამერიკის ღია პირველობას. ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში წააგო მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ დომინიკ კომპფერთან – 3:6, 6:7(5), 6:4, 1:6.
ისევე როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც ბასილაშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა: მოწოდებისას 14 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ჯამში კი 68 (!) უნებლიე შეცდომა დააგროვა. დაბალი იყო პირველი მოწოდების სიზუსტე – 50 პროცენტი და მეორე მოწოდებით აღებული ქულების რაოდენობა – 48 პროცენტი.
მიუხედავად ამისა, ბასილაშვილი უშანსოდ არ ყოფილა. პირველ სეტში ჩოგბურთელებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ: კოპფერმა თავისი შანსი გამოიყენა, ბასილაშვილმა – ვერ შეძლო ბრეიკის აღება.
მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი 5:2 დაწინაურდა, მაგრამ სეტზე ჩაწოდებისას წააგო საკუთარი მოწოდება, შემდეგ კი ტაი-ბრეიკიც დათმო. მესამე სეტმა ბასილაშვილის უპირატესობით ჩაიარა. მართალია, კოპფერმა შეძლო ერთი უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ სეტის მიწურულს ნიკამ კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.
სეტებში ანგარიში შემცირდა, მაგრამ ქამბექი არ შედგა. მეოთხე სეტში პირველი ბრეიკ-პოინტი ბასილაშვილმა მიიღო, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა, გადამწყვეტი კი აღმოჩნდა მეოთხე და მეექვსე გეიმები, რომლებშიც კოპფერმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა.
გერმანელმა ამ მატჩში 14 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი ბრეიკი აიღო, ბასილაშვილს ორჯერ ნაკლები ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღიაზე ვერ დაიცვა შარშანდელი მერვედფინალი და 90 სარეიტინგო ქულა დაკარგა, თუმცა, ჯერჯერობთ, ATP-ის “ცოცხალ” რეიტინგში სამი საფეხურით მაღლა აიღწია – სხვა ჩოგბურთელების წარუმატებლობის ხარჯზე.