ნიკოლოზ აბაშიძე - საქართველოში ამოქმედდა სამშენებლო კოდექსის ამერიკული მოდელი, რომელიც ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნაჩქარევად იქნა მიღებული
ნიკოლოზ აბაშიძე - საქართველოში ამოქმედდა სამშენებლო კოდექსის ამერიკული მოდელი, რომელიც ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნაჩქარევად იქნა მიღებული

საქართველოში 2017 წლიდან ძალაში შევიდა სამშენებლო კოდექსის ამერიკული მოდელი, რომელიც 2015 წელს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნაჩქარევად იქნა მიღებული, – ამის შესახებ არქიტექტურის დოქტორმა, პროფესორმა, სამართლებრივ საკითხთა და სახელმწიფო შესყიდვებზე მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოამბის“ ჟურნალისტის, მარიამ სეთურიძის შეკითხვაზე, რამდენად შეძლებენ ქართული სამშენებლო კომპანიები ამერიკული მოდელით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ნიკოლოზ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა მაღალინტელექტუალური შენობების ასაშენებლად მზად არ არის.

„სამწუხაროდ, ამ პერიოდში არ დაგვიკავშირდნენ არც ჩვენ, პროფესიონალებს და არც დეველოპერებს, თუ რა დამოკიდებულება გვქონდა კანონთან. კანონი ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა და მთელი სისტემა უცებ გაიჭედა, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა მაღალინტელექტუალური შენობების ასაშენებლად მზად არ არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

როგორც მან აღნიშნა, კოდექსი შიდა გეგმარებით ნაწილში უსაფრთხოების სისტემებისადმი მიდგომებს მოიცავს.

„ამერიკული სისტემა უსაფრთხოების ნორმებს მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით წყვეტს. მაგალითად, შეგიძლია, გქონდეს კიბე, სადაც კორიდორიდან შლუზის გავლით უნდა მოხვდე. აქ უნდა იყოს მიმწოდებელი ვინტილაციის ბადე, რომელიც ევაკუაციის დროს კიბეში კვამლის გავრცელებას მოწყვეტს. ეს სისტემა გაცილებით ძვირი ჯდება, ამიტომ მას იშვიათად მიმართავენ“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო დათვალიერება-მონიტორინგს მხოლოდ შენობის ექსპლუატაციის დროს აწარმოებს.

„2005-2009 წლებში მიღებული ცვლილებების შედეგად, ექსპერტიზა მოისპო როგორც არქიტექტურულ-გეგმარებით ნაწილში, ასევე – სახანძრო ნაწილში. სახანძრო სამსახურს აღარ ჰყავს ექსპერტიზა, რომელიც პროექტის შეთანხმებამდე და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე დაშვებულ შეცდომებს ნახულობს. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ პროექტებში უსაფრთხოების ნორმები ირღვევა“, – განაცხადა ნიკოლოზ აბაშიძემ.