ხუან გუაიდოსა და ნიკოლას მადუროს წარმომადგენლების მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
ხუან გუაიდოსა და ნიკოლას მადუროს წარმომადგენლების მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ვენესუელას მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებები ნორვეგიაში გაიმართა, თუმცა პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

როგორც გუაიდოს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას და ვადამდელი არჩევნების გამართვას ითხოვს.

შეხვედრის შემდეგ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ამასთან, ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილიც გამოთქვა.

ნორვეგიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მხარეები მზად არიან, იპოვონ კომპრომისი, რომელიც ვენესუელას კონსტიტუციას შეესაბამება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოსლოში ხუან გუაიდოსა და ნიკოლას მადუროს გარემოცვის წევრები პირისპირ შეხვდნენ.

ვენესუელაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის აშშ და საქართველოც ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს აღიარებენ.