ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას უფლებამოსილების ამოწურვამდე, 2025 წლამდე არ აპირებს
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას უფლებამოსილების ამოწურვამდე, 2025 წლამდე არ აპირებს

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, 2025 წლამდე  არ აპირებს. ამის შესახებ მან უზენაესი სასამართლოს დამფუძნებელი კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მისი მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.

ნიკოლას მადურო ანტიკორუფციული ორგანოს შექმნასაც აანონსებს და კორუფციაში მხილებული  დამნაშავეების დასჯას გეგმავს.  პრეზიდენტის თქმით,  ვენესუელა აშშ-ში საელჩოსა და საკონსულოებს ხურავს.

ასევე დღეს იწურება ამერიკელი დიპლომატებისთვის ქვეყნის დასატოვებლად მიცემული 72 საათიანი ვადა.  ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით,  კარაკასი ამერიკელი დიპლომატების მიმართ რაიმე ქმედებების განხორციელებისგან თავს შეიკავებს, რათა ამით აშშ-ის საპასუხო რეაგირების პროვოცირება არ გამოიწვიოს. თუმცა,  აცხადებენ, რომ ამერიკელ დიპლომატებს იმუნიტეტი აღარ ექნებათ.

ნიკოლას მადურომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ 23 იანვარს განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ  მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს და შესაბამისად მის დადგენილებას არ აღიარებს. თუმცა, რამდენიმე საათის წინ აშშ-მა დიპლომატების ნაწილის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ვენესუელაში  ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების დროს გარდაცვლილთა რიცხვმა კი 26 მიაღწია. დაკავებულია 364 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც  ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო და თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. ხუან გუაიდოს მხარდაჭერა აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, მათ შორის საქართველომაც.