ნიკოლას მადურო სამხედრო გადატრიალების ჩახშობის შესახებ იუწყება
ნიკოლას მადურო სამხედრო გადატრიალების ჩახშობის შესახებ იუწყება

ვენესუელის არაღიარებული პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამხედრო გადატრიალების ჩახშობის შესახებ იუწყება. როგორც ნიკოლას მადურომ განაცხადა, დამნაშავეთა ჯგუფი მის მოკვლას და ქვეყნის ლიდერად თავდაცვის ყოფილი მინისტრის დანიშვნას გეგმავდა.

ნიკოლას მადუროს განმარტებით, მის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში ოპოზიციონერი, ხუან გუაიდოც მონაწილეობდა. გადატრიალების სამზადისში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ჩართული. აღნიშნული საქმის ფარგლებში უკანასკნელ დღეებში ვენესუელაში ექვსი სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე სამართალდამცველი დააკავეს.

ნიკოლას მადუროს განმარტებით, შეთქმულებს სამი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის ხელში ჩაგდება სურდათ, რის შემდეგაც მას და მის მეუღლეს მოკლავდნენ. მადუროს განმარტებით, შეთქმულების შემდეგი ნაბიჯი ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რაულ ბადუელის ციხიდან გათავისუფლება და მისი პრეზიდენტად დანიშვნა იყო.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის შემდეგ ნიკოლას მდურომ მის წინააღმდეგ ამბოხის მომზადების შესახებ არაერთხელ განაცხადა.