ნიკოლას მადურო მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩამოვედი რუსეთში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისტორიული, ძალიან პოზიტიური ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ვაშენეთ და რაც ვენესუელის აყვავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“, – წერს ნიკოლას მადურო.
ვენესუელაში იანვრის შემდეგ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ასევე საქართველომ აღიარეს. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.