ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ 6 დეკემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადავადება შეუძლებელია
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ 6 დეკემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადავადება შეუძლებელია

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ 6 დეკემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადავადება შეუძლებელია. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვენესუელას არჩევნების გადავადების ინიციატივით ევროკავშირმა მიმართა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი დრო ვენესუელაში დამკვირვებლების გასაგზავნად.

„ეს შეუძლებელია, რადგან არსებობს ძალიან მკაფიო საკონსტიტუციო მანდატი. ჩვენ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები გვსურს, თუმცა ვაშინგტონი მათ ამის საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა მადურომ.

ვენესუელაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს მთავარი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ იმ მიზეზით, რომ მათი თქმით, საარჩევნო ორგანოებში უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადუროსადმი ლოიალურად განწყობილი პირები დანიშნა.

ვენესუელაში პოლიტიკური ვითარება 2019 წლიდან უკიდურესად გამწვავდა, როდესაც იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი. ის დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის აშშ-მა აღიარა.