ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელაში ინტერვენციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელაში ინტერვენციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელაში ინტერვენციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ კარაკასში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების გეგმას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი ხელმძღვანელობს. მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ჯონ ბოლტონი კოლუმბიასა და აშშ-ში სამხედრო ბაზებზე დაქირავებული მებრძოლების მომზადებას უწევს კოორდინირებას.

ჯონ ბოლტონის ოფისში ვენესუელის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ნიკოლას მადურომ ვენესუელაში აშშ-ის ინტერვენციის გეგმაზე მაშინ განაცხადა, როდესაც ვენესუელაში რუსეთმა ბომბდამშენები გაგზავნა ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწლეობისთვის.

ვენესუელის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესს ჯონ ბოლტონის გეგმების გამოძიებისკენ მოუწოდა. ამას გარდა, მან აშშ-ის ხელისუფლებას აგვისტოში მასზე განხორციელებული თავდასხმის მცდელობაზე დააკისრა პასუხისმგებლობა.