ნიკოლაი რიჟაკი - 2008 წელს შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მომხდარიყო, საქართველოს დედაქალაქი ხომ 30 კილომეტრში იყო
ნიკოლაი რიჟაკი - 2008 წელს შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მომხდარიყო, საქართველოს დედაქალაქი ხომ 30 კილომეტრში იყო

მოდით, ვიყოთ ურთიერთპატივისცემით და პასუხი ვაგოთ ჩვენს სიტყვებზე, რადგან ჩვენ ამ რეგიონში ცხოვრება გვიწევს, უნდა ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები და ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად ზუსტი ნაბიჯები, – ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი რიჟაკმა ​ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.

„ზოგიერთ რეპლიკას უპასუხოდ ვერ დავტოვებ. მითხარით გეთაყვა, ვინ იყო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საქართველოს რეგულარული არმიის თავდასხმის ინიციატორი? ეს მოხდა გამთენიისას და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით განთავსებული ჩვენი ასზე მეტი მშვიდობისმყოფელი განადგურდა. ვინ ფიქრობს ამ სამშვიდობო კონტინგენტის ბედზე? დუმილი. ჩვენ ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ. სწორედ ეს უფლებები დაირღვა, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმები და კონკრეტული ადამიანების უფლებები, რომლებიც გამყოფ ხაზთან იდგნენ და დაიღუპნენ“, – განაცხადა ნიკოლაი რიჟაკმა.

მისივე თქმით, რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და საფრანგეთის მაშინდელმა ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ ყველაფერი გააკეთეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველყოფისთვის.

„ახლა დიალოგი გარკვეულწილად ლაგდება, თუმცა ქართული მხარე ჯიუტად აცხადებს უარს კონფლიქტის მონაწილეებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგზე. ეს თქვენი შიდა საქმეა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტებმა მედვედევმა და სარკოზიმ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეზეიმა მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპებს. რუსეთის ჯარები დაუყოვნებლივ გაიყვანეს საქართველოს ტერიტორიიდან. არადა, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მომხდარიყო. საქართველოს დედაქალაქი ხომ 30 კილომეტრის მანძილზე იყო და ამ თავდასხმას შესაძლებელი იყო, უკუძალა მიეღო, თუმცა ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, რადგან ამ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაფასებდით. ამიტომ მოდით, ვიყოთ ურთიერთპატივისცემით და პასუხი ვაგოთ ჩვენს სიტყვებზე, რადგან ჩვენ ამ რეგიონში ცხოვრება გვიწევს, უნდა ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები და ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად ზუსტი ნაბიჯები“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა, ნიკოლაი რიჟაკმა.