ნიკოლაი ჩუკა - უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობა, რათა მხარი დავუჭიროთ პარტნიორ ქვეყნებს
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, ნიკოლაი ჩუკას თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად, შავი ზღვის მნიშვნელობა ნატო-სთვის და ევროპის ქვეყნებისთვისაც გაიზარდა. ეს განცხადება მან ნატო-ს ლიდერების შეხვედრის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად, რუსეთმა ფორპოსტი შექმნა, საიდანაც ძალების გადასროლა შეუძლია. ამის გათვალისწინებით, შავი ზღვის მნიშვნელობა ნატო-სთვის და ევროპის ქვეყნებისთვისაც გაიზარდა“, – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ნატო და ევროკავშირის ქვეყნები შავი ზღვის რეგიონის პარტნიორ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ.
„რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს ერთ მთლიანობად აღიქვამს. ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს ბალტიის ზღვაში და შავ ზღვაში. ნატო-სა და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ერთიანი მიდგომა მთელი აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ. დღეს შავ ზღვაში სამი პარტნიორი გვყავს. ესენია უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ასევე, აქ არის ნატო-ს სამი წევრი – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.
ჩვენ ყველა აქტივობას ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ. რუმინეთს აქვს ინიციატივა, შეიქმნას მრავალეროვნული ბრიგადა, ასევე მრავალეროვნული ძალების სამეთაურო პუნქტი. ყველაფერი ეს კეთდება ჩვენი სახსრებით და ნატო-ს სხვა ქვეყნების მონაწილეობით. ასევე, ველოდებით პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობა, რათა მხარი დავუჭიროთ პარტნიორ ქვეყნებს“, – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა.