ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა
ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დაწყებიდან ორ საათში შეწყდა. ამის მიზეზი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს განახლდება.

სარკოზის კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. კერძოდ, 65 წლის ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

საქმეში ფიგურირებს სარკოზის ყოფილი ადვოკატიც. თავად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს. ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სულ ოთხი გამოძიება მიმდინარეობს.

16 ოქტომბერს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს „დანაშაულებრივ ჯგუფში“ მონაწილეობაში დასდეს ბრალი. საქმე ეხება 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას. ბრალდების მიხედვით, სარკოზის კამპანიაში ლიბიიდან აფინანსებდნენ.

გარდა ამისა, 2021 წლის 17 მარტს და 15 აპრილს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა, რომელიც სარკოზის მიერ 2012 წელს წარმოებული საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხება. გამოძიება ამტკიცებს, რომ 2012 წლის კამპანიის დროს გაწეული ხარჯები ხელოვნურად იყო შემცირებული.