ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება. კორუფციის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი 2020 წლის 5 ოქტომბერს დაიწყება.

64 წლის პოლიტიკოსსა და მის ადვოკატს კორუფციასა და საიდუმლო სასამართლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ამჟამად მის წინააღმდეგ რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს. ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს შორისაა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაც. გამოძიების ცნობით, მან კამპანიის დროს დადგენილ ლიმიტზე ორჯერ მეტი თანხა დახარჯა. აღნიშნული საქმის ფარგლებში ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმა და ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიდევ ერთი ბრალდება 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეხება. აღნიშნულ შემთხვევაში სარკოზი ეჭვმიტანილია ლიბიის ყოფილი ლიდერისგან, მუამარ კადაფისგან უკანონო დაფინანსების მიღებაში.