ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

22:05, 27.07.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხური მედიის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იყო.

საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა  განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სომხური პროდუქტების იმპორტის აკრძალვა რუსეთსა და სომხეთს შორის  სამართლებრივ ჩარჩოს ეწინააღმდეგება და ამ საკითხების გადასაჭრელად ზომების მიღება სთხოვა. მისი თქმით, სომხეთის მთავრობა მზადაა, რომ ქვეყნებს შორის არსებული პრობლემური საკითხები ღია, პარტნიორობაზე დაყრდნობილი და მეგობრული დიალოგის გზით გადაჭრას.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს შეიტანს და საკითხი პრაქტიკულ ეტაპზე გადავა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა. „ტასის“ ცნობით, სომხური მხარის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრისას მხარეებმა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

მსგავსი