ნიკოლ ფაშინიანმა რეზერვისტებს მიმართა - დღეს სამშობლოს თითოეული ჩვენგანი სჭირდება
ნიკოლ ფაშინიანმა რეზერვისტებს მიმართა - დღეს სამშობლოს თითოეული ჩვენგანი სჭირდება

დღეს სამშობლოს თითოეული ჩვენგანი სჭირდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფრონტის ხაზზე რეზერვისტების გაცილებისას განაცხადა.

სომხური სააგენტო „ნიუს.ამის“ ცნობით, სომხეთის მთავრობის მეთაურმა რეზერვისტებისადმი მიმართვისას გაიხსენა, რომ 2016 წელს იგი მოხალისე რაზმთან ერთად ყარაბაღში გაემგზავრა, რათა მის შვილებს, მისი მეგობრებისა და მეზობლების შვილებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებს მშვიდობიანი ცის ქვეშ ეცხოვრათ.

„ძმებო, თქვენთან საუბრისას ძალიან მინდოდა მეთქვა: სამშობლოს აღარ სჭირდება თქვენი სამხედრო სამსახური. თუმცა დღეს ჩვენ აქ ვართ, რადგან დღეს სამშობლოს თითოეული ჩვენგანი სჭირდება. სახლიდან ასობით კილომეტრის მოშორებით თქვენ დადგებით თქვენი ბავშვების საწოლებთან, მათ სკოლებთან და დაიცავთ მათ“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ქალაქ სტეფანაკერტზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები სამხრეთის მიმართულებაზე მიმდინარეობდა. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის რამდენიმე საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.