ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გამართული მშვიდობის სამიტის პირველ წლისთავთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ასევე მიიღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი.
ნიკოლ ფაშინიანის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესის წინსვლაში.
„მხარეებმა აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, როგორც მშვიდობის სარგებლის ხელშესახებ გამოვლინებას. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის, სტაბილურობის, კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.