ნიკოლ ფაშინიანი - ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს

ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიმაჩნია, რომ ყველა კონფლიქტი უნიკალურია. არ არსებობს ერთმანეთის მსგავსი კონფლიქტები. კონფლიქტებზე საუბრისას ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ვფიქრობ, სომხეთის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტის დარეგულირების ფორმულაზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ყველა კონფლიქტისთვის და რომელიც ძალადობრივი გზით კონფლიქტის დარეგულირებასა და ძალის გამოყენებით კონფლიქტის მოგვარების მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში და ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სხვა კონფლიქტების მხარეებს მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებაში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

„ვფიქრობ, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კონფლიქტი უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ ვინმე, კერძოდ, აზერბაიჯანი, დაიწყებს ახალ ომს, ჩვენს ხალხს არ დავიცავთ. რა თქმა უნდა, მზად ვართ და შეგვიძლია, დავიცვათ ერი და მზად ვართ, დავსაჯოთ ყველა ქვეყანა, რომელიც წამოიწყებს ახალ ომს ან განახორციელებს აგრესიულ ქმედებებს სომხეთის ან მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ახალი ომი.

ჩვენ არ გვინდა ახალი ომი და მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მე ვარ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მზად ვარ, სომხეთის სახელით მოლაპარაკებებისთვის. თუმცა როგორც იცით, მხოლოდ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს აქვთ მანდატი, წარმოადგინონ მთიანი ყარაბაღი. მხოლოდ ამ ხალხს შეუძლია მოლაპარაკებებში მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის სახელით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვართ, ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, ძალის გამოყენების გარეშე, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ახალი ომი კატასტროფული იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.