ნიკოლ ფაშინიანი - ვიმედოვნებთ, დახმარების საჭიროება არ დადგება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი და საქართველო დავეხმაროთ ერთმანეთს
ნიკოლ ფაშინიანი - ვიმედოვნებთ, დახმარების საჭიროება არ დადგება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი და საქართველო დავეხმაროთ ერთმანეთს

ვიმედოვნებთ, დახმარების საჭიროება არ დადგება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი და საქართველო დავეხმაროთ ერთმანეთს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიალმა ადგილობრივი მედიის მიერ დასმული  შეკითხვის პასუხად განაცხადა, დასაშვებად მიიჩნევს, თუ არა სომხეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის საქართველოს მიმართოს.

„ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება. რადგან ჩვენ ყველაფრის ისე გაკეთებას შევძლებთ, რომ რეანიმაციული განყოფილებების აუცილებლობა არ იყოს. ამრიგად, შევძლებთ, გავაკეთოთ ისე, რომ დახმარება არ გახდეს საჭირო. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ორმხრივად მზად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო, დავეხმაროთ ერთმანეთს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში წითელას ვირუსის გავრცელების დროს სომხეთმა 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინა მიაწოდა მეზობელ ქვეყანას.

სომხეთში „კოვიდ-19“-ის 8 927 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთაგან 127 პირი გარდაიცვალა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დახმარების საკითხს დააყენებს, საქართველო მზად არის ამისთვის.

„სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თუ ჩვენ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შედის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი