ნიკოლ ფაშინიანი – „ტრამპის გზის“ პროექტში შევა რამდენიმე სარკინიგზო ხაზი, გაზსადენი, ნავთობსადენები, გზები

12:44, 14.11.2025

„ტრამპის გზის“ პროექტში შევა რამდენიმე სარკინიგზო ხაზი, გაზსადენი, ნავთობსადენები, კაბელები და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციები, გზები, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

„შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვება იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროექტი ბევრს ისე აქვს წარმოდგენილი, თითქოს ის კონკრეტულ ადგილზე იქნება რეალიზებული. რა თქმა უნდა, არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც გამორიცხავდა ამ შესაძლებლობას, მაგრამ პრაქტიკულად მისი რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა. მაგალითად, რკინიგზის შემთხვევაში შეიძლება ზუსტად ითქვას, სად გაივლის ის. ეს არის ჩვენი სამხრეთის რკინიგზა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. ის ნახსენებია პროექტ „მშვიდობის გზაჯვარეიდნში“ და, ცხადია, რკინიგზა აშენდება, აღდგება სწორედ იქ, თუმცა არსებობს მეორე გარემოება: ვინც ამ ადგილას ნამყოფია, იცის, რომ, რელიეფის თვალსაზრისით, ტერიტორია ძალიან შეზღუდულია რკინიგზისთვისაც კი. ყველა ინფრასტრუქტურისა და პროექტის ამ ადგილზე რეალიზაცია შეუძლებელია. ცხადია, ეს არის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხი. მაგალითად, გაზსადენები, ნავთობსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები შეიძლება რეალიზებული იყოს სხვა მარშრუტებზე, რომლებიც იქნება მიჩნეული უფრო ეფექტურად და სასარგებლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური ან საინჟინრო გადაწყვეტის თვალსაზრისით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპის გზის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნება სომხურ-ამერიკული კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოში სომხეთს გადამწყვეტი ხმა ექნება.

„ეს იქნება კომპანია, რომელსაც ერთობლივად დააფუძნებენ სომხეთი და აშშ, იქნება დირექტორთა საბჭო, რომელიც მართავს კომპანიას. ამ საბჭოში განაწილება მოხდება წილობრივი მონაწილეობით, რაც ახლა განიხილება, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სომხეთს ექნება გადამწყვეტი ხმა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი