ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში კორონავირუსის აცრა 2 690 ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში კორონავირუსის აცრა 2 690 ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია

სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა 2 690 ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გაურკვეველი მიზეზებით, ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა. მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს მომდევნო კვირის განმავლობაში აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა ვაწყდებით იმას, რომ ამ პოტენციალის გამოყენება სათანადოდ არ ხდება, რაც ქმნის რისკებს არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკონომიკისთვისაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია კორონავირუსზე აცრილი მოსახლეობის წილი.

„კერძოდ, ტურიზმის სფეროში ქვეყნები, როგორც მიმართულებები, ფასდება ამ კრიტერიუმითაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანაიტ ავანესიანმა განაცხადა, რომ დღეს სომხეთში შექმნილია ყველა პირობა მოქალაქეების ვაქცინაციისთვის. კერძოდ, მისი თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

ამჟამად, სომხეთში ვაქცინაცია ორი პრეპარატით – „ასტრაზენეკათი“ და რუსული „სპუტნიკ V“-ით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი