ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და ევროკავშირს შორის კონტაქტები ასეთი ინტენსიური არასდროს ყოფილა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს არის ჩემი მეორე შეხვედრა ბატონ მიშელთან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის კონტაქტები ასეთი ინტენსიური არასდროს ყოფილა, რაც ცხადყოფს ურთიერთობების განვითარების ორმხრივ სურვილს. ჩვენს შორის მიმდინარე პროექტები იყო განხილვის მთავარი თემა. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ერთობლივი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის მნიშვნელობას. სომხეთი თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად იმუშავებს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვისთვის, არსებული გზების რეაბილიტაციისა და ახალი გზების შესაქმნელად, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ მაგისტრალის მშენებლობის კუთხით. ევროკავშირის მხარდაჭერას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელსაც აქვს განზრახული გამოყოს დაახლოებით 2,6 მილიარდი ევრო სომხეთში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა შვიდი პროგრამის განხორციელებას მოხმარდება.
„ამ პროგრამებში შედის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მაგისტრალის მშენებლობა, სომხეთის სამხრეთ რეგიოენების მდგრადი განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ეკონომიკური საქმიანობისა და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, „მწვანე პოლიტიკის“, ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება და წყლისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
სომხეთი მზადაა, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.