ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენს არჩეულ გზას გავყვებით, განსაკუთრებით ახლა, როცა სომხეთის ხალხმა ამ მიმართულებას მხარი დაუჭირა

17:50, 29.07.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაგებას მიაღწიეს.

ამასთან, ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთს აქვს ლეგიტიმური უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მიმართულებები.

„სომხეთის რესპუბლიკას აქვს ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეს საკუთარი ალტერნატივები. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გზა უკვე გამოვაცხადეთ და ამ გზას გავყვებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის ხალხმა ამის სასარგებლოდ მისცა ხმა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია ისეთი ვითარება, როდესაც ქვეყნის პოლიტიკის შედეგად სომხეთს არჩევანის შესაძლებლობა აღარ ექნება.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა აღმოჩნდეს ვითარებაში, სადაც ალტერნატივები აღარ ექნება. სომხეთის რესპუბლიკას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ალტერნატივები“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პუტინთან მისი საუბარი ნიშნავს თუ არა, რომ დიალოგი უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა, ფაშინიანმა განაცხადა: „დიალოგი შედგა, რადგან ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ“.

ამასთან, რუსეთის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სომხეთის პრობლემა არ არის.

„ეს არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პარალიზებულია და არ მუშაობს. ეს საკითხი თუ სწრაფად არ მოგვარდება, ნება მომეცით, ვიწინასწარმეტყველო – ეს იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, სომხეთის მთავრობამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღოს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას არ გეგმავენ.

მისივე თქმით, 29 მაისს ასტანაში EAEU-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარეს სომხეთის უფლება, ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.

„მე ასევე ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტს, ეს რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ჩვენ, სულ მცირე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი