ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარებით და ევრაზიულ კავშირში შემდგომი მონაწილეობით

18:26, 06.07.2026

სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარებით და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) შემდგომი მონაწილეობით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეკატერინბურგში, რუს კოლეგასთან, მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე მას შემდეგაც ჩვენ კვლავ ერთგული ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს გარკვეული პრობლემური საკითხები წარმოიშვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია.

„ეს შეხვედრა იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობების სრული სპექტრი. ბოლო დროს არაერთი პრობლემური საკითხი წარმოიშვა, იმედი მაქვს, მათ განვიხილავთ და მოვაგვარებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ EAEU-ში მონაწილეობით და გვაინტერესებს EAEU-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმების დაგეგმილ რეჟიმში მუშაობა. ჩვენ ერთგული ვართ კონსტრუქციული მიდგომისა ყველა საკითხისა და ნიუანსის განხილვის, გარკვევის მიმართ. იმედი მაქვს, დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძლებთ კონკრეტული საკითხების მოგვარებას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ვიზიტით იმყოფება. ფაშინიანი მონაწილეობს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში „ინოპრომ 2026“. სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს რუსეთში ფაშინიანის პირველი ვიზიტია.

მსგავსი