ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში

სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტისა და შეთანხმებების შესახებ აზერბაიჯანსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყო.

ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმების ტექსტი სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ერევნისთვის გაუგებარია, რადგან 2021 წლის აგვისტოდან სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხური მხარე ცნობად იღებს არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების საკითხს რაც შეეხება, თუ სამშვიდობოებმა გააკეთეს ასეთი წინადადება, მაშინ ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მათ სრულად და ამიერიდან დათქმის გარეშე აიღეს სრული ვალდებულება, უზრუნველყონ სომხების უსაფრთხოება ყარაბაღში, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სრულფასოვანი პირობები, რათა შენარჩუნდეს ყარაბაღის სომხების უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში, მიწაზე და იცხოვრონ ღირსეულად და უსაფრთხოდ. მე მჯერა, რომ ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი სრულად იღებს ამ პასუხისმგებლობას, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოსაზრება, რომ ეს პასუხისმგებლობა რუსეთის სამშვიდობო მისიას დაეკისრა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმით რუსული სამშვიდობო კონტინგენტი სრულად შეასრულებს თავის მოვალეობებს, რაზეც გარკვეული დათქმები გვქონდა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.