ნიკოლ ფაშინიანი - სომეხი ჯარისკაცები სომხეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს, აზერბაიჯანის მიზანია, ჩვენს ტერიტორიაზე თავისი სამხედროების განთავსება გაამართლოს
ნიკოლ ფაშინიანი - სომეხი ჯარისკაცები სომხეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს, აზერბაიჯანის მიზანია, ჩვენს ტერიტორიაზე თავისი სამხედროების განთავსება გაამართლოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი ჯარისკაცების ტყვედ აყვანას გამოეხმაურა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ინციდენტის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე ატარებდნენ სამთო სამუშაოებს, გამაფთრხილებელი ნიშნების დაყენებით, რაც საზღვრის დაცვის დონის ამაღლებისკენ იყო მიმართული. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სომხეთის ტერიტორიიდან მოხდა სომეხი ჯარისკაცების გატაცება და არა დატყვევება.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, ხოლო სომხეთმა უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი სიტუაციის დარეგულირებისთვის.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მეტოქის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე მისი შეიარაღებული ძალების განთავსების გამართლება და მაპროვოცირებელი ქმედებებით სიტუაციის კონტროლიდან გამოყვანაა.

მისი თქმით, მომხდარი ინციდენტის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ძალები 12 მაისის შემდეგ არიან დისლოცირებული და მათ უპირობოდ უნდა დატოვონ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია.