ნიკოლ ფაშინიანი სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ აქციების გაგრძელებას აპირებს
ნიკოლ ფაშინიანი სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ აქციების გაგრძელებას აპირებს

სომხეთის დედაქალაქში აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ აქციების გაგრძელებას აპირებს, – ამის შესახებ მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„სერჟ სარგსიანი ერევანში რაც ხდება, ადეკვატურად ვერ აფასებს. ის ხელისუფლებაში აღარ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ერევანში, სასტუმრო „მარიოტში“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანისა და აქციების ორგანიზატორის, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იტყობინება, შეხვედრა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. შეხვედრაზე სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ ხალხის სახელით საუბრის უფლება მას არ აქვს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ ლიდერს დაეკისრება. შეხვედრა სერჟ სარგსიანმა მალევე დატოვა.