ნიკოლ ფაშინიანი – სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულებას, დეკლარაციით იწყება მშვიდობის და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი სამხრეთ კავკასიაში

01:32, 09.08.2025

სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულობით მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას, დაიწყება ახალი ეტაპი, რაც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში აზერბაიჯანთან სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმების დროს განაცხადა.

ფაშინიანის შეფასებით, დეკლარაციის ხელმოწერით სამხრეთ კავკასიაში იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში. საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში გვქონდა. ეს გარღვევა შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ჩართულობის გარეშე. სამშვიდობო შეთანხმება გზას გაუხსნის ათწლეულობით მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ჩვენს ქვეყნებს შორის და დაიწყება ახალი ეტაპი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე. დეკლარაციის ხელმოწერით იწყება მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპი სამხრეთ კავკასიაში.

განსაკუთრებით, დარწმუნებული ვარ, რომ, აშშ-თან ერთად, სომხეთი იმუშავებს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტზე, რაც მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის და ხანგრძლივ სარგებელს მოიტანს. ეს ხელს შუწყობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებადობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი