ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის ისეთი სცენარები უნდა იყოს, რომელიც შექმნის პირობებს რეგიონის ქვეყნებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი თანაარსებობისთვის
ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის ისეთი სცენარები უნდა იყოს, რომელიც შექმნის პირობებს რეგიონის ქვეყნებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი თანაარსებობისთვის

რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის ისეთი სცენარები უნდა იქნას მიღებული, რომელიც არ გაამწვავებს ამ რეგიონის ქვეყნებისა და საზოგადოებების იზოლაციას, არამედ შექმნის პირობებს მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს დღის წესრიგში და ყველა საკითხის გადასაჭრელად, ჩვენი იდეების დეტალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული კომუნიკაციების გახსნა. მიღებული უნდა იქნას კომუნიკაციების განბლოკვისა და გზების გახსნის ისეთი სცენარები, რომელიც კი არ გაამწვავებს რეგიონის ქვეყნებისა და საზოგადოებების იზოლაციას, არამედ შექმნის პირობებს მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებმა ფაქტობრივად დაიწყეს თავისი საქმიანობის გააქტიურება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში. აქვე, სომხეთის პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, ერევანსა და ბაქოს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.

„ჩემი აზრით, უნდა დაიწყოს ამისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ტყვეების, მძევლებისა და სხვა სახის დაკავებულების დაბრუნება უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

აქვე მან დაადასტურა მანამდე გამოთქმული აზრი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას ტყვეების, მძევლებისა და დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ, მზადაა, თან წაიღოს ყველა რუკა, რომელიც ჰუმანიტარულ საფრთხეს წარმოადგენს და სომხეთისთვის უსაფრთხოების ფუნქცია არ აქვს.

ფაშინიანის თქმით, მშვიდობიანი განვითარების ეპოქის დღის წესრიგის შექმნა ადვილი არ არის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს და თანდათანობით ეს უნდა განხორციელდეს.