ნიკოლ ფაშინიანი - ქართველი და სომეხი ხალხები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჩვენს ქმედებებში არანაირი შეთქმულება ან ნეგატიური ზრახვა არ არსებობს
ნიკოლ ფაშინიანი - ქართველი და სომეხი ხალხები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჩვენს ქმედებებში არანაირი შეთქმულება ან ნეგატიური ზრახვა არ არსებობს

ქართველი და სომეხი ხალხები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ჩვენს ქმედებებში არანაირი შეთქმულება ან ნეგატიური ზრახვა არ არსებობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის ურთიერთობა საქართველოსთან განსაკუთრებული და გეოპოლიტიკური გავლენისგან დაცული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი საქართველოსი, სამცხე-ჯავახეთში იყო ძალიან თბილი. ეს ვიზიტი აჩვენებს ჩვენი ურთიერთობების სიახლოვეს. მე ყოველთვის ვამბობდი, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უნდა იყოს განსაკუთრებული და უნდა ვიმუშაოთ ამ ურთიერთობების გეოპოლიტიკური გავლენისგან დასაცავად. ასეთია ჩემი შეხედულება ჩვენს ურთიერთობებზე ჩვენს ორ მეზობელთან – საქართველოსთან და ირანთან.

ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო ვიზიტი. ჯერ თბილისში ჩავედი, შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთში გავემგზავრე. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. ვიმედოვნებ, ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის სტუმრობას. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტიც იქნება ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყანა შეძლებს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

„რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, როგორც იცით, იქ ბევრი სომეხი ცხოვრობს და ჩემი ძირითადი გზავნილი იქ იყო ის, რომ საქართველო და სომხეთი მეგობრები, მეზობლები არიან. ჩვენ ვართ მოძმე ერები და არაფერი უნდა იყოს, რაც ჩვენს ურთიერთობებს, მეგობრობასა და პარტნიორობას ჩრდილს მოფენს.

ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სომხეთის ქმედებებში საქართველოს მიმართ არანაირი შეთქმულება ან ნეგატიური ზრახვა არ არსებობს. სომეხი ხალხი კი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ქმედებებში სომხეთის წინააღმდეგ არანირი შეთქმულება და უარყოფითი ასპექტი არ არის. ვფიქრობ, ჩვენი მთავრობის კონკრეტული ამოცანა ამ ფორმულის განხორციელების უზრუნველყოფა არის და ვფიქრობ, ეს ფორმულა იქნება ჩვენი საუკეთესო ურთიერთობების გარანტია. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.